11.04.2016

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“

10 აპრილს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში,  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ გაიმართა.  
ფესტივალში ხობის, სენაკის, ზუგდიდის ანსამბლებთან ერთად, უკრაინიდან ფოლკლორული კოლექტივები - „კროკ-ვპერედ“ და „დრუჟკი-პოდრუჟკი“ მონაწილეობდნენ.
   ფესტივალის მიზანია ქართული ფოლკლორის, კერძოდ ქორეოგრაფიული ხელოვნების მოვლა-პატრონობა, მისი ავთენტურობის შენარჩუნება, მომავალი თაობებისთვის გადაცემა და  პოპულარიზაცია, ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან შემოქმედებითი კავშირების დამყარება.
   ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს ტრადიციული ეროვნული ცეკვები: „მეგრული ფერხული“, „აჭარული“, „მთიულური“, „აჭარული განდაგანა“, „რაჭული“, „ყაზბეგური“, „აფხაზური“, „სვანური“, „სუიტა“, „აბრაგული“,  „ალვანური“, „კინტაური“,  „პოპური“,  „მალიტვა ზა უკრაინუ“, „ჩერევიჩკი“, „ლიზგინკა“,  „დვა კოლოროჟიტია“ და  „პრისვიატა მატერი“.
ფესტივალის მონაწილეებს ორგანიზატორებმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
   ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ფესტივალის დასასრულს, მონაწილეებს მიესალმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და უკრაინელ სტუმრებს ჩამობრძანებისთვის და ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხა“-ს ორგანიზატორები არიან ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ზაზა მჟავანაძე და ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია.